„ამ ტრიბუნიდანაც მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება, დიდ ქვეყნებში ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ერთბაშად სპორტიც არის, პოლიტიკაც, ხელოვნებაც, კულტურაც.
მსურს დიდი მალდობა ვუთხრა როგორც მოქალაქემ მოქალაქეს, როგორც ქართველმა ქართველს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, რომ ჩვენი ერის სახელი, საქართველოს სახელი ასე გაიტანა მთელს მსოფლიოში, მით უფრო, იმ ფონზე რაც მას თავს დაატყდა.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ ხოლმე, დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებული ჟინით და შემართებით.
ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა. პირიქით, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თავისი წარმატება თავის შვილს მიულოცა. ამის მოსმენით ყველა გულაჩუყებული ვიყავით. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის. მას და ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ახლახანს გახდა დოჰას ტურინირის გამარჯვებული, ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. ის სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 მაისს, ყოფილი მეუღლის მიმართვის შემდეგ დააკავეს.ჩოგბურთელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას. 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და 100 000-ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული.