weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იქ რაც შენდება, მიუღებელია - წულუკიანი ბათუმის ბულვარში 16 სართულის მშენებლობაზე

12:05 ოთხშაბათი, 17 მარტი 2021

„მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ იქ რაც შენდება, მიუღებელია და ბატონ რიჟვაძესთან მქონია ამ თემაზე საუბარი. ეს არც მე არ მომწონს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მოუსმინონ იმ ბათუმელებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.

„ყველამ ვიცით, რომ ბათუმში მიდის გაშმაგებული მშენებლობები. მშენებლობაც კარგია, განვითარებაც კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია ქაოსი, უპატრონობა და განუკითხაობა. ბათუმის გენგეგმა ღმერთმა უწყის უკვე მერამდენედ ჩავარდა და აგერ, ბოლოს, ერთი კვირის წინ. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები არ ჩერდება და მიდის კოსმოსში კორპუსები. ვისაც რა უნდა, როგორც და სადაც უნდა, ისე აშენებს და კაცი გამკითხავი არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში, ყველამ ვიცით, ეს არის ბულვარი.

მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება, არადა 19-სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა მათ ყურს არავინ უგდებს. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის და არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი.

სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ეს სამი უკვე 19 სართულამდე ავიდა და ასე გეომეტრიული პროგრესიით ამ კორპუსის სართულიანობა იზრდება. როგორც ჩანს, საკრებულო აბსოლუტურად ნომინალურია ბათუმში, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს აკეთებს.

ამდენად, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მსურს, გთხოვოთ და გადმოგცეთ ჩემი თხოვნაც და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნაც, სამი თვეა რომ აპროტესტებენ, ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ – ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოუსმინოთ ამ ადამიანებს, მათ წუხილებს, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ“, - განაცხადა ელისაშვილმა, რომელსაც თეა წულუკიანმა უპასუხა:

„აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის, თუ როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში. თქვენ, როგორც ჩანს, ამბავი იცით, იმედი მაქვს, ამბის იქით დეტალებიც იცით. ერთადერთი, რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ იქ რაც შენდება, მიუღებელია და ბატონ რიჟვაძესთან მქონია ამ თემაზე საუბარი და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ის არის ერთ-ერთი, ვინც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც იქ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დროს 9 და 12-სართულიანი კი არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო და რიჟვაძე იყო ის, ვინც, ასე ვთქვათ, მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც დღეს მაინც გვაქვს და უკვე ვთქვი, რომ ეს არც მე არ მომწონს“.

ბათუმის ბულვარში სასტუმრო „ამბასადორი“ და ბალნეოლოგიური ცენტრი შენდება. შპს „ამბასადორი ბათუმმა“ მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მაშინ 4 სართულიანი შენობის აშენების ნებართვა ჰქონდა. 2019 წლის ბოლოს „ამბასადორი ბათუმმა“ შენობის გაზრდა მოითხოვა 15 სართულამდე. ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პროექტის შეცვლას არ დასთანხმდა. 2021 წლის 21 იანვარს, სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ შენობის 16 სართულამდე გაზრდას მხარი დაუჭირა. მშენებლობის ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]