ბოკერიას თქმით, ოპოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუ ეს მოემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები.
„ჩვენი პარტნიორები, ყველა ნორმალური ადამიანი ჩვენი ქვეყნის შიგნითაც ისურვებდა, რომ პოლიტიკური პროცესები ძირითადად პარლამენტში იყოს.
პროცესების პარლამენტში გადანაცვლებას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლაზე, შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დასახა, მათ შორის, ყველაზე სწრაფად პოლიტიკური პატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე.
ოპოზიციისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა ბოკერიამ.
ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების პროცესი მეხუთე დღეა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობს. დანიელსონი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოავლინა.