weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მიწა ვისაც აქვს და არ ამუშავებს, მოცდენის გადასახადი უნდა დაწესდეს - „ოცნების“ დეპუტატი

22:46 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021
ფოტოზე - ბეჟან წაქაძე ფოტოზე - ბეჟან წაქაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის განცხადებით, მესაკუთრე, რომელიც მიწას წლების განმავლობაში არ ამუშავებს, მოცდენის გადასახადს უნდა იხდიდეს. ამის შესახებ წაქაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს.

დეპუტატის თქმით, აუცილებელია, რომ მიწის გადასახადი ყველამ გადაიხადოს.

„მიწაზე არ უნდა იყოს გადასახადის გადაუხდელობა. გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს აუცილებლად. არ უნდა იყოს რაიმე შეღავათები ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ეს ისეთი რესურსია, რომელიც გამოყენებადია.

მიწის მესაკუთრეებზე, რომლებიც წლების განმავლობაში არ ამუშავებენ მიწას, მოცდენის გადასახადი უნდა დაწესდეს, გარკვეული მიმართულებით. ეს არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის.

რესურსი უნდა გამოვიყენოთ დროულად, სწრაფად და ეფექტურად“, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აუთვისებელ მიწებზე სანქციების მექანიზმის გამოყენების იდეას ეთანხმება, თუმცა ეს უნდა იყოს სამართლიანი და ყველას უნდა ეხებოდეს, რაც შეუძლებელი იქნება, თუ მიწების რეგისტრაცია არ დასრულდება.

„მიწების სისტემური რეგისტრაციის დასრულება აუცილებელია იმისთვის, რომ შემდგომში წახალისების თუ სანქცირების სხვადასხვა ეფექტიანი გზა გამოვიყენოთ მიწის რესურსების უკეთესად და უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ხელისუფლება სამთავრობო პროგრამის  2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში სისტემურ რეგისტრაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას გეგმავს.

ბეჟან წაქაძის და მისი მეუღლის ნონა ბურკაძის საკუთრებაში 11,5 მილიონი ლარის უძრავი ქონებაა - 9 მიწის ნაკვეთი; 4 ბინა, მათ შორის უკრაინის დედაქალაქ კიევში; 3 აგარაკი (მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში, თბილისთან წავკისში, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში), 5 ავტოფარეხი და სამი სხვა ქონება - ტერასა, სახელოსნო, დამხმარე ნაგებობა.

მის საკუთრებაშია 8 ფერწერული ტილო - ბ. შერპალოვი, ნატურმორტი; ო. ტიმჩენკო, "პრინცესა"; ო. ტიმჩენკო, "თაიგული"; ბ. შერპალოვი, "გემი"; ე. ახვლედიანი, პეიზაჟი, "ზამთარი"; ე. ახვლედიანი, "ბელინსკის ქუჩა"; ი.ჯუღაშვილი (ი.სტალინი), "თაიგული"; გ. ბუღაძე, პეიზაჟი. ტილოების საერთო ღირებულება შეძენის მომენტისთვის (2013-2014 წლებში) 676 500 ლარია.

ბეჟან წაქაძე ასევე ფლობს შოპარდის საათს, ღირებულებით 49 500 ლარი; ცეცხლსასროლ იარაღს მოოქროვილი პარაბელუმით -  82 500 ლარი; ცეცხლსასროლ იარაღს მაუზერი, ხის ჩასადებით (კაბურით) 37 950 ლარი; მსუბუქ ავტომანქანას Reng-Rover (FF008FF) ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მისი ღირებულებაა 613 800 ლარი; მსუბუქი ავტომანქანა MERSEDES-BENZ (SP509SP) 2020 წლის ნასყიდობა - დეკლარაციის მიხედვით მისი ღირებულებაა 660 000 ლარი.

ბეჟან წაქაძე წილს ფლობს 8 კომპანიაში: შპს სოლიდი საქართველო 40 %; შპს ლა გრანდე დიმორა 50 %; შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი 50 %; შპს მაგნოლია 100 %; შპს ჯდჯ იმერეთი 100 %; შპს პალასი საქართველო 100 %; შპს პლაზა საქართველო 100 %; შპს ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ + საქართველო 50 %.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]