weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მსახიობი თუ განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ვეცდები, ვნახო საიდან მოდის ეს აზრი – წულუკიანი

23:56 სამშაბათი, 23 მარტი 2021

„თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, ან რეჟისორი, მე უფრო შევეცდები, რომ ვნახო, მათი განსხვავებული აზრი საიდან მოდის“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალდანიშნულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„პოსტ ტვ“-ის ეთერში წამყვანმა შალვა რამიშვილმა მინისტრს ჰკითხა, როგორი იქნება მისი მიდგომა კულტურის სფეროში დასაქმებული იმ ადამიანებისადმი, რომლებიც არ მალავენ თავიანთ სიმპათიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ან ღიად გამოდიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რამიშვილის თქმით, ასეთი ადამიანები სამინისტროს სტრუქტურებშიც არიან.

თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრად მუშაობის პერიოდი გაიხსენა და კულტურის სამინისტროს სისტემას შეადარა:

„იუსტიციის სამინისტროშიც კი, როდესაც გავათავისუფლე კადრები, რამდენიმე ამგვარმა გათავისუფლებამ სკანდალის ფორმაც მიიღო იმიტომ, რომ ისინი პირდაპირ ოპოზიციის აქტივისტები იყვნენ და არ იყვნენ საჯარო მოხელეები.

გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს, იყო პოლიტიკით დაკავებული, არადა, საჯარო მოხელისთვის პოლიტიკა არის მხოლოდ არჩევნების დღეს ან საკუთარ სამზარეულოში. როდესაც ის არის საჯარო სამსახურში, მას ევალება საქმის კეთება მიუკერძოებლად და პირუთვნელად.

ეს იყო პატარა ჯგუფი. რაც შეეხება დიდ უმრავლესობას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, თქვენ ნახავთ, რომ შემოვიდნენ ახალი კადრებიც, შემოვიდნენ კონკურსით. თქვენ ვერ ნახავთ, რომ მაგალითად, მე ჩამოვიყვანე იუსტიციის სამინისტროში და დავასაქმე მთელი ზემო სვანეთის ხეობა.

ვინც იქ დამხვდა და არ ეწეოდა პოლიტიკური ნიშნით საბოტაჟს სისტემის წინააღმდეგ, მე მათ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი ფუნქცია, მისია შევასრულე - თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, იმიტომ, რომ მის დროს მოსულები იყვნენ, მე რომ წამოვედი, არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი ჩემი მმართველობის პირობებში იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად და შეერივნენ ახალ კადრებს. მაგრამ მათ, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა. ეს იყო მოდელი, რითაც მე ვიმუშავე 8 წელი.

რაც შეეხება ამ სისტემას, ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, ან რეჟისორი, რა თქმა უნდა, აქ მე უფრო შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო საიდან მოდის.

თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი, თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის სათანადოდ ფუნქციონირებას. თუ ორგანიზაცია ჩინებულად მუშაობს, მაშინ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი. ამიტომ ეს მე არ მეჩვენება, რომ ერთი და იგივე სამინისტროა და სისტემაა, თუმცა სამინისტროს აპარატში საჯარო მოხელე უნდა იყოს საჯარო მოხელე. რაც შეეხება ხელოვან ხალხს, მათ თუ არ მიეცი თავისუფლება, მაშინ უნდა აქციო მინისტრად ან დეპუტატად, რაც არ არის საინტერესო. ხელშეწყობა მნიშვნელოვანია - სამინისტრომ უნდა დააფინანსოს ისეთი პროექტები (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ თეატრებს, მუზეუმებს. ვგულისხმობ პროექტებს, რომლებსაც სამინისტრო აფინანსებს კონკურსის გზით ან პირდაპირ. ამას ექსკლუზივებს ეძახიან, უცნაური სახელია), რომლებიც ჩვენი სახელმწიფოსთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის მთავარი კრიტერიუმი“.

თეა წულუკიანი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ის „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი გახდა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად მისი დანიშვნის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 2021 წლის 19 მარტს მოაწერა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოეყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]