weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

3%-იანი საარჩევნო ბარიერი 2024 წლისთვის – პარლამენტში ცვლილებების პროექტი შევიდა

15:42 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

პარლამენტში დარეგისტრირდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ის ნაცვლად 3% იქნება. კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში ფრაქციის ფორმირება არა 7, არამედ 4 დეპუტატს შეეძლება.

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის გატარება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების და მედიაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. მისივე თქმით, ამ საკითხს შეეხებოდა მემორანდუმი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა.

„ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამ ეტაპზე ამოცანას წარმოადგენს ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლება, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება. ოპოზიციის მიერ საკუთარი მანდატის ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებაა.

დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთის საჭიროა პარლამენტის 7 წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს.

ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას, შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და, შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტის 113 წევრის ხმაა საჭირო, მაშინ, როდესაც დღეს, ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტის პირობებში, პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს.

„იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მეათე მოწვევის პარლამენტში 90 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

 

პარლამენტში შევიდა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული ოთხი დეპუტატი, ასევე „მოქალაქეების“ ორივე წარმომადგენელი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]