weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

10:48 ორშაბათი, 29 მარტი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს არ ეკისრება, არამედ პოლიტიკურ ლიდერებს.

მგონია, რომ წინა მისია, რომელიც განხორციელდა, ამ საკითხების კარგი გაცნობა იყო. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად იციან ორივე მხარის აზრი, ასევე კარგად იციან, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მათ უნდა გამონახონ კომპრომისი. ჩვენ შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამაში“, - განაცხადა დანიელსონმა და აღნიშნა, რომ კომპრომისი არა სისუსტის, არამედ სიძლიერის და დემოკრატიის ნიშანია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, დანიელსონთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა და მნიშვნელოვანია, მხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმება შედგეს.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ.

ასევე, ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე იმან, რომ ძალაუფლება ფაქტიურად არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში და ძალიან მნიშნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან. ვსაუბრობდით სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს, რომელიც უნდა იყოს საფუძვლიანი და მიმართული იმისკენ, რომ ნამდვილად შეიცვალოს სასამართლო და დამოუკიდებელი გახდეს. ასევე ვსაუბრობდით საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც უნდა გატარდეს, ჩვენთან მოდის ადგილობრივი არჩევნები და შესაბამისად, ჩვენ სისტემა უნდა გავმართოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები კარგად ჩატარდეს“, - განაცხადა გიგაურმა.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა დააახლოვონ პოზიციები, წავიდნენ კომპრომისებზე, რადგან კომპრომისების გარეშე კონსენსუსს ვერ მიაღწევენ.

„პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე და შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ამ პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

კრისტიან დანიელსონი დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვედება. მისი მისიის დასრულება ხვალ, 30 მარტს არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]