weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანტითურქული ტონი შემაშფოთებელია - თურქეთის ელჩი ნამახვანჰესის აქციებზე

17:32 ორშაბათი, 29 მარტი 2021

„ჩემთვის მოულოდნელი იყო მენახა პროტესტის დაწყება, თითქმის ერთი წლის შემდეგ ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან და მეორე, რამაც გამაკვირვა - თურქოფობიური, ანტითურქული ტონი და რაღაც შემთხვევაში შემოპარული ისლამოფობიური პროპაგანდა. ეს ძალიან შემაშფოთებელია გულახდილად რომ გითხრათ. მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას. ქართული მართლმადიდებლური რწმენა გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ როცა ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები აღმიძრა, ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ“, - განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

„როდესაც ვსაუბრობ რელიგიურ ნარატივზე, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, მაგალითად, ეს რომ ყოფილიყო ისრაელის კომპანია, იტალიური კომპანია, ამერიკული კომპანია, ვინმე ჯვარს აღმართავდა?

არ ვიცი, ამიტომაც მინდა ვკითხო ადამიანებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო, ეს ძალიან სენსიტიურია. ისრაელის კომპანია რომ მუშაობდეს ამ ადგილას და აღემართათ ჯვარი ანტისემიტურ ნარატივსა და შეშფოთებას შემოიტანდნენ, მაგრამ არსებობს სხვა შეშფოთება, მოდი, ამაზე ვილაპარაკოთ.

მე არ მინდა ეს პრეცედენტს ქმნიდეს თურქი ინვესტორებისთვის, იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს ამის უკან, სურს შეწყვიტოს ორი რამ: ეს არის საქართველოში თურქი ინვესტორების კომფორტული ყოფნა და მეორე, ენერგოუსაფრთხოების საკითხები. მე არ გახლავართ პრესსპიკერი კომპანიის, კომპანია თვითონ ისაუბრებს.

ჩემი ინტერესი აქ, როგორც თურქეთის ელჩის, გახლავთ ის, რომ თუ ეს კომპანია დისკრიმინაციას განიცდის პროტესტების რომელიმე მხარის მიერ იმიტომ, რომ ეს არის თურქული კომპანია, ეს ნიშნავს რომ კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს“, - აღნიშნა ელჩმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ეს პროტესტი ხელოვნურად ინსპირირებული და ჰიბრიდული ომის ნაწილი ხომ არ არის ჩვენ წინააღმდეგ, ელჩმა განაცხადა:

„უნდა მოგახსენოთ, რომ მე ამას ვაანალიზებდი. არსებობს ხალხი, რომელსაც არ სურს ჰიდროელექტროსადგურის აშენება. არსებობენ სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფები, არიან ადამიანები პრინციპულად წინააღმდეგები ჰიდროელექტროსადგურის, მაგრამ ეს არის მცირე ნაწილი. არსებობენ რეგიონის წარმომადგენლები, როცა დემონსტრანტებს ვაკვირდებოდი. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ თავის შეშფოთებას გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. ზოგიერთი ამბობს სეისმოლოგიურ პრობლემებს, მაგრამ როდესაც ვაკვირდები ახალ ამბებს, იმას, რასაც ვკითხულობ და ვიგებ კომპანიიისგან, იმას, რასაც ვისმენ სოციალურ მედიაში, ვხედავ, არსებობს მანიპულაცია ფაქტებით და მოვუწოდებ კომპანიას, ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს ამასთან დაკავშირებით.

მთავრობა და კომპანია საკმაოდ კარგად მუშაობენ, რათა მიმართონ ამ მანიპულაციას საჯარო საზოგადოებრივი აზრი, თუმცა თუ არსებობს რეალურად შეშფოთების საგანი გარემოს დაცვასთან, სეისმოლოგიასთან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით და დარწმუნებული ვარ, კომპანია ამას აკეთებს და გააკეთებს, მაგრამ ჩემი სამუშაო, როგორც ელჩის, გახლავთ თურქი ინვესტორის დაცვა, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ არ არსებობს რაღაც დამაზიანებელი გეგმები. მე ვფიქრობ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ელჩის განცხადებით, ის მხარს უჭერს „ენკა რინიუებლზს“ და უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ნამახვანჰესი კორუფციული პროექტია.

„ენკა“ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა. 20 000 თანამშრომელი ჰყავს მსოფლიოში. ძალიან ბევრი პროექტი აქვთ როგორც კონტრაქტორებს, როგორც ინვესტორებს და 4300 მეგავატს აწარმოებს მხოლოდ თურქეთში. განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანია ჩართულია კორუფციაში, ეს გახლავთ შეურაცხყოფა და ძალიან სერიოზული ბრალდება. როგორც ელჩი, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ამ კომპანიის დადანაშაულებისა კორუფციაში. ისინი არიან სახელმწიფოს, მთავრობის პარტნიორები. ეს პროექტი დაიწყო დიდი ხნის წინ, საქართველოში „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლებაში. მანამდე დაიწყო, ნორვეგიელ პარტნიორებთან ერთად. წილები სხვადასხვანაირად იყო გაყოფილი, მერე „ენკამ“ გამოისყიდა. 4 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა ამ დროის განმავლობაში. მე შემიძლია დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, მასმედია და ყველა, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, რომ თურქული კომპანიები არ გახლავთ კორუფციაში მონაწილე კომპანიები. „ენკა“ არ გახლავთ კორუფციული კომპანია და ვინც ასეთ ბრალდებებს ავრცელებს, ვალდებულია დაამტკიცოს“.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა შეჩერებულია ხალხმრავალი საპროტესტო აქციების შემდეგ. სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მცხოვრებლებისა და აქტივისტთა ჯგუფები კარვებში ყოველდღიურად მორიგეობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები არ განახლდეს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს, კომპანიამ დატოვოს ხეობა, მთავრობამ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქული კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 2020 წლის 29 ოქტომბერს, სწორედ ამ მოძრაობის ორგანიზებით აღიმართა ჯვარი ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის ადგილას იმ მიზნით, რომ სამუშაოები შეწყვეტილიყო. პოლიციამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯვარი 30 იანვარს, გვიან ღამით აიღეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ ნამახვანჰესი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, უნდა შეწყდეს ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა და აჟიოტაჟი. მისივე თქმით, „ენკასთან“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 9-12 თვის განმავლობაში კაშხლის მშენებლობის სამუშაოები არ დაიწყება, ამასობაში კი მთავრობის დაკვეთით დამატებითი კვლევები ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]