weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

18:29 სამშაბათი, 30 მარტი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი, რომელსაც დღეს კრისტიან დანიელსონი წარმოადგენს, ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

„სულ ცოტა ხანში დაიდება დოკუმენტი და ყველა ერთად ვნახავთ მოხერხდება თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დღეს შეთანხმებით დასრულება. კრიზისის დასრულება ქვეყნისთვის აუცილებელია და მოსული ვარ სწორედ ამ განწყობით. იმედი მინდა ვიქონიო, რომ პოლიტიკურ კრიზისს ამ დოკუმენტით და შეთანხმებით დავასრულებთ “, – განაცხადა ბაქრაძემ, რომელიც შეხვედრაში „ევროპულ საქართველოს“ არ წარმოადგენს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეთანხმება სჭირდება ქვეყანას და საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების მოლოდინი არის ის, რომ შეთანხმება შედგება.

„რაც შეეხება იმას, თუ რა შანსებია, რომ შეთანხმება შედგეს, ვფიქრობ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ მხარეები არ წავიდნენ კომპრომისზე, შეთანხმება ვერ შედგება.

ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ საჯარო განცხადებები არ აჩენს მოლოდინს, რომ ისინი არიან მზად ამ კომპრომისისთვის, მაგრამ, ცხადია, ჩვენ დაველოდებით იმ დოკუმენტს, რომელსაც გაგვაცნობს მედიატორი და ვნახავთ რა იქნება ამ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ქართული ოცნების პოზიცია, – აღნიშნა სამადაშვილმა.

„ახლა იმაზე არ არის საუბარი რაზე დათანხმდება „ოცნება“, რაზე დათანხმდება ოპოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიციები. მე იმედი მაქვს, რომ იქნება ისეთი შემოთავაზებები მედიატორების მხრიდან, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვის“. ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს ამ დოკუმენტში, ხუთივე საკითხი.

პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამისი კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ, რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ.  

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, პირდაპირ გეტყვით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს დიდი ხანია უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიალოგი პირველ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით განახლდა. მიშელმა მხარეებს მოლაპარაკებებისთვის საკითხების ექვსპუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 12 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. მისი მედიაციით მოლაპარაკებები 13 მარტს დაიწყო და 18 მარტს ისე დასრულდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ისინი მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი საკითხები პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა და ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. „ქართულ ოცნება“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. სახელისუფლებო პარტია ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებენ, ევროპელი და ამერიკელი ლიდერები.

დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, 20 მარტს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, რაც თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვასაც გულისხმობს. მათი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. ოპოზიცია დასკვნითი აქციის გამართვას 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე გეგმავს.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა და მისი ვიზიტის დასრულება დღეს, 30 მარტს იგეგმება. დანიელსონმა თქვა, რომ ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი იქნება იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]