weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

დღეს მაგიდასთან არ იყო მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი – დანიელსონი

00:49 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მედიაციის მეორე რაუნდიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

8-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ პარტიებმა არ გამოავლინეს კომპრომისზე წასვლის მზაობა და კრიზისის გადასაწყვეტად მის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი ბოლომდე არ გაიზიარეს.

„მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს გადაწყვეტილება მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე და ასევე, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებს ამ გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საკითხებზე და ვადამდელ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მე შევთავაზე ასეთი გადაწყვეტილება და ახლა, ეს გახდება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა.

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას მთლიანად. იყო მიღწეული თანხმობა საარჩვენო რეფორმაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები აქ არ არიან იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდი, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი მედიაციაა. ასე რომ, საქართველოს ლიდერების გადასაწყვეტია გაუმკლავდნენ გამოწვევას და წავიდნენ კომპრომისზე.

როგორც ადრეც ვთქვი, კომპრომისი სიძლიერეა და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. მართლაც, ძალიან დიდ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს მაგიდასთან არ იყო მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი.

მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ვიცი, რამდენად ელოდებოდით თუ რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას, მაგრამ მე ასევე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის განმავლობაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს და ასევე მედიას ჰქონდა ძალიან მაღალი დონე ამ ყველაფრის გაშუქებაში და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა. ბრიუსელში დაბრუნებული იქ ჩავიტან რწმენას, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით, ერთ დღეს საქართველო მოახერხებს, ახალი ფურცელი გადაშალოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის საქართველოს ამ გზაზე დაეხმაროს“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

მისივე თქმით, განვითარებული მოვლენების შესახებ შეატყობინებს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]