weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს რუსი ტურისტებისგან ვალუტის მიღებას – კვირიკაშვილი

21:51 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ჩამოსული რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზღვარგადასული რეაქცია გარდაუვალად დააზიანებს ვალუტის ნაკადს, რომელიც საქართველოს შეიძლებოდა რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან მიეღო.

გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი მოსაზრება Facebook-ზე გამოაქვეყნა:

„პოზნერის ვიზიტზე - თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.

ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს - ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს: 1.ექსპორტი, 2.უცხოური ინვესტიციები, 3.ფულადი გზავნილები, 4.ტურიზმი, მეხუთე - არამატერიალური ფაქტორი - რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე.

უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.

დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. 41 ადამიანი აეროპორტიდან ჯერ სასტუმროში მივიდა, რის შემდეგაც, ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანში გადაინაცვლა. რესტორანთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა რესტორანი პოლიციის დახმარებით დატოვეს და ისევ სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლეს. აქცია იქაც გაგრძელდა.

შინაგამ საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოზნერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს. რაც შეეხება მასთან ერთად ჩამოსულ სხვა ადამიანებს, შსს-ს განცხადებით, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა.

რუსი ჟურნალისტი და მისი მეგობრები თბილისიდან დილით, ჩარტერული რეისით გაფრინდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]