weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

იქნება მოწოდება კომპრომისზე უარს ფინანსური დახმარების შეჩერება მოჰყვეს – ევროდეპუტატები

07:24 პარასკევი, 02 აპრილი 2021

ევროკავშირის პარლამენტის წევრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების უარს შეთანხმების მიღწევაზე. წამყვანმა ევროპარლამენტარებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პირველ აპრილს შეხვდნენ კრისტიან დანიელსონს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ქართველი პოლიტიკური ლიდერებით, რადგან მათ სამშაბათს ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევისა, დაეხმაროს საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში.

„ამ შედეგის გამო დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ისინი მხარს უჭერენ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ შრომას და მიესალმებიან პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული წინადადების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა.

„სასიცოცხლოდ აუცილებელია პოლიტიკური პარტიის აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის ნამდვილად სწორია: საარჩევნო და სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გამოსავალი სამომავლო არჩევნებზე და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევაზე. ეს გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას.

პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები ევროკავშირისგან არ უნდა ელოდონ, რომ ის საქმეს ჩვეულებრივ დაუბრუნდება.

კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით.

ამავდროულად, მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების საქართველოს პარლამენტში მიღება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ODIHR– ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების საჭიროებას. ეს რეფორმები მთავარია ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისთვის შემდგომი ზიანის მიყენება, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. სასწორზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალი“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]