პრეზიდენტის განცხადებით, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს.
„საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს. დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეოთხე ადამიანის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნახეს, არ დადასტურდა.
დაღუპულთაგან სამი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩედანაა, ერთი კი ოქუმიდან. რუსი ე.წ. მესაზღვრეებისგან მალულად, ენგურის გავლით ზუგდიდში გადასვლას ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა ქალი და ასაკოვანი მამაკაცი ცდილობდნენ. ისინი სავარაუდოდ ადიდებულმა წყალმა წაიღო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დაკეტილი იყო. 11 თებერვალს გადასასვლელი გაიხსნა, თუმცა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის 5-დღიანი კარანტინის გავლაა სავალდებულო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგია.