weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს – პრეზიდენტი

14:17 პარასკევი, 09 აპრილი 2021

„ერთი მხრივ, ის საზოგადოება, რომლის წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა და არა მხოლოდ ის, აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას, სიდუხჭირიდან ადამიანის თავის დაღწევაზე აპელირებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს: „უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისთვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნების დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით.

„ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროვებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტები 160 დღეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს, გაუქმდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა.

3 აპრილს, ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სოფელ ნამოხვანში ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები პოლიციის დახმარებით, აქტივისტების პროტესტის ფონზე განაახლა. რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]