weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტრაგედიის პოლიტიზირების ნებისმიერი მცდელობა უადგილოა – დე ფაქტო აფხაზეთი

16:48 პარასკევი, 09 აპრილი 2021
ფოტოზე - დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ფოტოზე - დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის დაღუპვას ეხმაურება და ე.წ. სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს მოუწოდებს, „სახელმწიფო საზღვარი გამშვები პუნქტების გავლით გადაკვეთონ“.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ე.წ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, უწყება ეხმაურება ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის რეაქციას და აცხადებს, რომ საქართველოსთვის მომხდარი ტრაგიკული მოვლენა მხოლოდ მორიგი მიზეზი გახდა ისტერიისა და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.

„როგორც საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, ისე მათ პოლიტიკურ ოპონენტებს აწუხებთ არა იმდენად ხალხის დაღუპვის ფაქტი, რამდენადაც შესაძლებლობა აჩვენონ თავიანთი მოჩვენებითი პატრიოტიზმი და კიდევ ერთხელ თავს დაესხნენ რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად უადგილოა თბილისის ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს მომხდარის პოლიტიზირება და ეცადოს, გამოიმუშავოს იაფასიანი პოლიტიკური ქულები ადამიანების ტრაგიკული დაღუპვით“, – აცხადებს ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მათივე ცნობით, ინციდენტის გარემოებებს „აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ“.

6 აპრილს, გამთენიისას, გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, მდინარე ენგურის გადმოცურვის გზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას. 29 წლის თამუნა ცატავას, 39 წლის მაყვალა გამისონიას, 47 წლის ელგუჯა გვალიას და 61 წლის თამაზ ბასლანძის ცხედრები 7 აპრილს, მდინარეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - შამგონასა და ორსანტიას ტერიტორიაზე იპოვეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგია.

პანდემიის მიზეზით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა და რამდენჯერმა გახსნა „ჰუმანიტარული დერეფანი“ იმისთვის, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დარჩენილი, უკან დაბრუნებულიყვნენ. 2021 წლის თებერვალში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება ორმხრივად გაიხსნა ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელები ვალდებული არიან, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაიარონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]