weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბოკერია აირჩიეს 

14:09 შაბათი, 10 აპრილი 2021

პარტიის ყრილობაზე, ხმათა უმრავლესობით, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ის ამ პოზიციაზე დავით ბაქარაძეს შეცვლის, რომელმაც პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

არჩევის შემდეგ ბოკერიამ ყრილობის დელეგატებს მიმართა.

„სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, რომელთან ერთადაც რთული გზა გავიარეთ. მიმაჩნია, რომ ეს სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილებაა მათი მხრიდან.

ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, განსაკუთრებით პარტიისა და მთელი ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ მათ გადაწყვეტილებას. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ერთად განვლილი გზისთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს გადარჩენის შანსი არ აქვს, თუ „ივანიშვილის რეჟიმი“ ძალაუფლებას არ ჩამოსცილდება.

„ევროპული საქართველო“ იყო, არის და იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში მანამ, სანამ არ ჩამოვაცილებთ ძალაუფლებას ამ რეჟიმს. ჩვენ ვიქნებით იმის სადარაჯოზე, რომ მარტო ივანიშვილის რეჟიმი კი არ უნდა დამარცხდეს, უნდა გამოვრიცხოთ საფრთხე, რომ ოდესმე, რომელიმე მთავრობა გახდეს გარე მტრის შემდეგ მთავარი საფრთხე საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებისთვის. უნდა ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც იქნება გარე მტრისგან დაცული, ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი სასამართლოთი და პიროვნული თავისუფლებით, კერძო საკუთრებით, ეკონომიკური თავისუფლებით და ყველა მოქალაქის თანასწორი შანსით, ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ და თავისი შრომით მოიპოვოს ის“, – თქვა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ.

ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც დღეს პირველ სხდომას გამართავს და რამდენიმე საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთელია წარდგენილი, გენერალურ მდივნად  – აკაკი ბობოხიძე, ხოლო საგარეო საქმეთა პოლიტიკურ მდივნად – გიორგი კანდელაკი.

„ევროპული საქართველო“ დავით ბაქრაძის გარდა, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, გოკა გაბაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა დატოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]