weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

5-დღიანი კარანტინი მეათეხარისხოვანი ფაქტორია, შემსუბუქება განიხილება – სამხარაძე

13:32 კვირა, 11 აპრილი 2021

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხს განიხილავს.

როგორც სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, გალში მცხოვრები საქართველოს 4 მოქალაქის მდინარე ენგურში დაღუპვა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული ოკუპაციის სიმძიმეს.

„ადმინისტრაციულ საზღვარზე დაკეტილია გადასასვლელები. იქ ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს გადმოსვლას. ხშირ შემთხვევაში მათ ფულს სძალავენ, ყველანაირად ავიწროებენ და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ამ ადამიანებმა ალტერენატიული გზების ძებნა დაიწყეს, რაც ტრაგედიით დასრულდა. ეს არის იმ ოკუპაციის შედეგი, რაც დღეს სახეზე გვაქვს“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულება მთავარი პრობლემა არ არის.

„ეს არის ერთ-ერთი დამატებითი, შესაძლოა მეათეხარისხოვანი ფაქტორი, იმიტომ, რომ მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გადასასვლელები არის დაკეტილი და გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადმოსვლის უფლება.

თავის დროზე პუნქტი 5-დღიანი კარანტინის შესახებ გაჩნდა იმიტომ, რომ აფხაზეთში იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება. იქ ძალიან ცოტა ტესტი კეთდებოდა 24 საათის განმავლობაში და ძალიან მაღალი იყო მაჩვენებელი. ანუ კოვიდ-ვითარება აფხაზეთში უფრო მძიმე იყო, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. შესაბამისად, ეს პუნქტი გაჩნდა სწორედ იმიტომ, რომ იქიდან დამატებით არ შემოსულიყვნენ დაავადებული ადამიანები. თუმცა, გუნდში პირველადი განხილვა იყო ამასთან დაკავშირებით და ალბათ ძალიან მალე საკოორდინაციო საბჭოზე დადგება ეს საკითხი, რომ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის წესები უფრო შემსუბუქდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

6 აპრილს, მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაიღუპნენ ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები 29 წლის თამუნა ცატავა, 39 წლის მაყვალა გამისონია, 47 წლის ელგუჯა გვალია და 61 წლის თამაზ ბასლანძე. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ, თუმცა მდინარეში შესვლის შემდეგ წყალი მოულოდნელად ადიდდა და ოთხივე მათგანი დაიღუპა. მათი ცხედრები ენგურმა 7 აპრილს გამორიყა. 

სავალდებულო კარანტინი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში მოხვედრას, საკვების, მედიკამენტების შესაძენად თუ პენსიის ასაღებად, ასობით ადამიანი შემოვლითი, სიცოცხლისთვის სახიფათო გზებით ცდილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]