weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წინააღმდეგი ვარ ყველა ინვესტორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დაიცავს – ხაზარაძე

13:49 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნამახვანჰესითან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა. ის შეცდომას უწოდებს რიონის ხეობის მცველების გადაწყვეტილებას, რომ აქციებში პოლიტიკური პარტიები არ ჩაერთონ.

„ეს პრობლემა ეხება ყველას. იქ ირღვევა რიგითი ადამიანების უფლებები და მათ დასაცავად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფაქტების გამოვლენას. ქვეყანას სჭირდება ინვესტიცია! საქართველოს ამდენი ჰიდრორესურსი აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის სიძლიერისათვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ ის მეთოდები, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ენერგოპოლიტიკის მიმართულებით, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა და პასუხს არ სცემს უამრავ კითხვას.

„ეს ის მთავრობაა, რომელმაც 121 ლარად, ჩუმად, პირდაპირი მიყიდვის წესით, ყოველგვარი წინასწარი დისკუსიისა და საერთაშორისო სტანდარტის გარეშე დაიწყო ეს პროექტი. არ გაითვალისწინა მოსახლეობის აზრი, კარგად არ აუხსნა, ყველა კითხვას პასუხი არ გასცა, დიალოგში არ შევიდა და 121 ლარად მიყიდა ამხელა ტერიტორია.

ეს ის მთავრობაა, რომელმაც ამავე დროს გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, რომელიც ასე ჩუმად გაურიგდა ერთერთ კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა.

ჩვენს მოქალაქეებს ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს. უამრავი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს მაგრამ, ეს მთავრობა არავის არ ელაპარაკება, ეს მთავრობა მონოპოლიზირებულია.

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველა ინვესტორის, თურქი იქნება ის, ტაილანდელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ევროპელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტანდარტებს და ინტერესებს არ დაიცავს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა დატოვოს ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლოობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა, ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც აღმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]