weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ კომპენსაციის საკითხია, კომპანია ხალხს მეტ ფულს უნდა შეპირდეს – უგულავა ნამახვანჰესზე

13:00 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

„ჩემი აზრით, ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, ნამახვანჰესი არ აშენდება და საქართველოს, სამწუხაროდ, აქვს ამის დიდი გამოცდილება, რომ შეიძლება, ერთი მხრივ, მისასალმებელი პროექტი ხელისუფლების არასწორი მართვის, სიხარბის, სიწუწკის, გაუმჭვირვალობის, კორუფციისკენ მიდრეკილების გამო აღარ გაკეთდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტზე.

უგულავას თქმით, მისთვის ყველაზე მთავარია კერძო მესაკუთრეების უფლებები იყოს დაცული.  

„ეს არ არის პატარა ქოხი. ჰესი, რომელსაც იქ მცხოვრები ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არ უჭერს მხარს, ვერ გაკეთდება. ჩემთვის მთავარია ერთი საკითხი – კერძო მესაკუთრეები, რომელთა უფლებები აბსოლუტურია.

მთავარი ის კი არ არის, ხელისუფლებასთან და პოლიციასთან ირბინოს ამ კომპანიამ, თუ კომპენსაციის საკითხია, ხალხს მეტი ფული შეპირდეს, იმიტომ, რომ ადამიანები იქ საუკუნეებია ცხოვრობენ და აყრა უწევთ. ამიტომ არა სპეცრაზმის, არა გაზის, არა წყლის ჭავლის და რაღაც უბედურებების ენით, არამედ, ჩვეულებრივი ადამიანური ენით უნდა შეთანხმდეს ორი მხარე, მათ შორის, თანხებთან დაკავშირებით.

ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩემთვის იქ მთავარია კერძო საკუთრება და არა რაღაც გაუგებარი ლოზუნგები, რომელსაც ხელისუფლება და კომპანია გვეუბნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას თითქმის ექვსი თვეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ეწინააღმდეგება. პარალელურად, მათ, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვები ერთი წელია სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ იძულებით შეჩერებული სამუშაოები 3 აპრილს, პროტესტის ფონზე, პოლიციის დახმარებით განაახლა. 11 აპრილს, პოლიციამ ნამოხვანში გაშლილი კარვები აიღო, აქტივისტები კი გამოაძევა. მას შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში დგანან, სადაც პოლიციას ბლოკპოსტი აქვს მოწყობილიდა ნამოხვანისკენ გზას რკინის კედლით ბლოკავს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მისი მხარდამჭერები ითხოვენ: გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ  დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]