„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა „რეგინფოს“ განუცხადა, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი 15 მაისის მასშტაბური აქციისთვის მოქალაქეების მობილიზება და მათი საჭიროებების განხილვაა.
„დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების და კოვიდპანდემიის მიუხედავად, 15 მაისის აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა, როგორც რეგიონებიდან, ასევე დედაქალაქიდან.
მთავარი პანდემია არის ივანიშვილი და მისი მავნებლური ბანდა, რომელიც ამ ქვეყანას ყოველღიურად აღატაკებს და თუ არ იქნება ადამიანების ერთად დგომა, ივანიშვილი ამას კვლავ გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს ეს ძალიან კარგად აქვს გათავისებული და 15 მაისს ძალიან ბევრნი ვიქნებით“, – განაცხადა ბოტკოველმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება 15 მაისის აქციამდე რაიმე რეგულაციას გაამკაცრებს ან დაამატებს, ოპოზიცური პარტიები სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან და მის შესაბამისად იმოქმედებენ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ რეგიონებში ვიზიტები და 15 მაისის აქციისთვის მზადება მას შემდეგ დააანონსა, რაც 30 მარტს უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად არცერთი მხარე არ დათანხმდა. ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც აისახულიყო.