weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი დოკუმენტი შესთავაზა

09:56 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ქართული ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა ახალი წინადადება, რომელიც მას მიაჩნია დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. კარლ ჰარცელის განმარტებით, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის.

„ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავისი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

შეთანხმების ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი წინადადება გარკვეულწილად არის გაუმჯობესება იმასთან შედარებით, რაზეც იყო საუბარი უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე.

„პოლიტპატიმრებთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მკაფიო არის გზა მათი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების თემაც აისახა დოკუმენტში. რაც შეეხება ჩვენს საბოლოო პოზიციას, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში გვაქვს პრობლემები, შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდა კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო პოზიცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ ახალი დოკუმენტი არის ძალიან პოზიტიური და მისი პარტია მზად არის ხელი მოაწეროს.

„მთავარია ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა“, – აღნიშნა სამნიძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია – „ლელო“ აცხადებს, რომ შეთანხმება ახლოს არის. როგორც მამუკა ხაზარაძემ თქვა, დოკუმენტი მისაღებია და საბოლოო პოზიციის დაფიქსირებამდე მას პოლიტსაბჭოზე განიხილავენ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტი იმ შეთანხმების მოდიფიცირებული ვარიანტია, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი 16 აპრილს მოაწერა.

„პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა, არ შეიცავს ჩანაწერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მასზე ხელმოწერასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენების თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია ვერ მიიღებს ხმების 40%-ს, განიხილავს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]