weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიშელის დოკუმენტს „ლელო“ ხელს მოაწერს

16:04 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ეს გადაწყვეტილება „ლელოს“ წევრებმა პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელს მოვაწერთ ევროკავშირის და ელჩების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად!“, – აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ლელო“ პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მისივე განცხადებით, არის გარკვეული საკითხები, რაც უნდა დაზუსტდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პოლიტსაბჭოს სხდომამდე პარტიის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტი არის კომპრომისული და ამ დოკუმენტს ეთანხმება.

შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

გარდა ამისა, შეთანხმების ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]