weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილი მზად არის, გიორგი რურუა შეიწყალოს, თუ შეთანხმება შედგება

16:28 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეიწყალოს გიორგი რურუა იმის მიუხედავად, რომ ის არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ის შეწყალების აქტს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პარტიები ხელს მოაწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და ევროკაშვირისა და აშშ-ის ელჩები განაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.

რურუას შეწყალების საკითხზე ზურაბიშვილმა განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავადი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე.

მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, თუ მმართველი პარტიისგან, ან სხვისგან.

პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროვებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გავხდი დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს.

მგონი, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის როგორც მთელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი. არცერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.

ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა.

ამის გათვალისწინებით, მე ზად ვარ რომ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ როდესაც ერთი მხრივ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს, 2020 წლის 30 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს. ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. რურუას გათავისუფლებას ითხოვენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო  „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დროს მათი მთავარი მოთხოვნა.

რაც შეეხება მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, მასში ნათქვამია, რომ  შეთანხმების ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]