weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

„ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

23:55 ორშაბათი, 19 აპრილი 2021 hits 182

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების ტექსტს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს. ხელის მოწერის ღონისძიება ორბელიანების სასახლეში შედგა და მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ესწრებოდნენ, ხოლო შარლ მიშელი დისტანციურად ადევნებდა თვალს.

შეთანხმების ტექსტს „ქართული ოცნებიდან“ არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა მოაწერეს ხელი, ხოლო ოპოზიციური პარტიებიდან – „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინდივიდუალურად სალომე სამადაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს არ აწერენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

„მე, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი, ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს; იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს.

ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ, უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

„ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ხელი მომეწერა“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ხათუნა სამნიძის თქმით, მას სჯერა, რომ დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდება პოლიტიკური დევნა, პარტიები შეძლებენ თანამშრომლობას და ქართულ პოლიტიკაში მტრობის დამთავრებას.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან. ეს იყო ძალიან მტკივნეული და რთული პროცესი, ეს პროცესი არ დასრულებულა, ჯერ კიდევ ველოდებით სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვს, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს და ამით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული, რომელიც შემოგვთავაზა პრეზიდენტმა მიშელმა ჩვენი, ყველას მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპრომისით და ამ პროცესში კიდევ ერთხელ დავადასტურებ, მიუხედავად ძალიან გრძელი პროცესისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, შეგვიძლია კომპრომისებით მივაღწიოთ შეთანხმებას და შეგვიძლია იმედი გავუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ელოდებიან, რომ გადავჭრით ამ პრობლემას, ვითანამშრომლებთ მომავალში და შევთანხმდებით“, – განაცხადა „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ელის ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში.

„ეს შეთანხმება სწორედ ამას ემსახურება და ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯი არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ, გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43%-იანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე 2/3-იანი კვორუმის პრინციპების გამოყენება, რომელთან ერთად არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ შემოვიღებთ და კანონში გავწერთ ასევე ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა ვართ გამარჯვებული. პირველ რიგში, გამარჯვებულია ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო, რადგან ვაჩვენეთ, რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. დიახ, შეთანხმება, თანხმობა, კონსენსუსი, კომპრომისი – ეს არი ევროპული სტანდარტი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ევროპულ განვითარებას გავაგრძელებთ.

მე იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი იქნება საქართველოში დაპირისპირების დასრულების საფუძველი. მე ნამდვილად არ მინდა, რომ საქართველო იყო ბოიკოტების ქვეყანა, მინდა, რომ ის იყო თანხმობების ქვეყანა; არ მინდა, საქართველოს იყოს გაჭირვების და შიმშილის ქვეყანა, მინდა, რომ იყოს განვითარების ქვეყანა; მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს მუდმივი დაძაბულობის ქვეყანა, მინდა იყოს ჯანსაღი კამათის, მსჯელობის, იდეებით პაექრობის ქვეყანა, ხალხზე ზრუნვაზე კონკურენციის ქვეყანა. თუ მოვინდომებთ, ამას შევძლებთ“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ აღნიშნული შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არამედ ის არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის.

ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 20 აპრილს, პრეზიდენტი მიშელი საქართველოს ეწვევა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]