„დღევანდელი დღიდან უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი. პარლამენტი, რომელსაც შეუძლია, იყოს არა დაპირისპირების და ერთმანეთის სიძულვილის, ლანძღვის ადგილი, არამედ ადგილი, სადაც მთავარი გამოწვევები, საკითხები იქნება გადალახული და ჩვენ მართლაც წინსვლით გამოვირჩეოდეთ და არა უკუსვლით.
ის ადგილი და ის უფლებები, რაც დღეს ოპოზიციას უკვე ენიჭება საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპულ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე, რადგან ბევრი ქვეყანა არის, სადაც ასეთი უფლებები ნამდვილად არ მიენიჭება ოპოზიციას და გახდა ქმედითუნარიანი. ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემეწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საერთაშორისო სივრცეში.
„ამდენად, ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური შეთანხმებით საფუძველი ეყრება კიდევ ორი ინსტიტუტის – სასამართლოსა და საარჩევნო სისტების გაძლიერებას და მათ ევროპულ დონეზე აყვანას.
„ორივენებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის ქვაკუთხედია. ამდენად, ის, რაც მოხდება მომავალ კვირებში, თვეებში, რაც შეიძლება სწრაფად, ნიშნავს, რომ ჩვენ ამ რეფორმების მიღებით, რაც ჩასმულია ამ შეთანხმების დოკუმენტში, მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო სისტემას და საარჩევნო სისტემას, რომელიც იქნება პრაქტიკაში გადატანილი ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
გუშინ, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გარდა ამისა, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად ორი საქმეზე (იგულისხმება გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები) ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.