weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია 20 ივნისის მოვლენებთან – კობახიძე

15:44 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონი, რომლის მიღება პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარე იგეგმება, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს უნდა შეეხოს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა ნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას „აპატიოს უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2019 წლის ივნისში“.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და დანარჩენი დამოკიდებულია ნიკანორ მელიაზე. მას შეუძლია, მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დოკუმენტის ტექსტით და შინაარსით, რომელზეც განმარტებები ელჩებმა და კრისტიან დანიელსონმა გააკეთეს. ეს განმარტებები იყო ამნისტიის კანონზე მსჯელობის დროს.

ამ შინაარსის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია ამ მოვლენებთან და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ნიკანორ მელიამ. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, მაშინ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება, ამ მოვლენების დროს დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. უნდა შეეხოს აბსოლუტურად ყველას და ეს ასე იყო განმარტებული ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები). „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ამნისტია ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის პასუხისგებაში მიცემულ სამართალდამცველებზე.

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ამნისტიის გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]