მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა ნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას „აპატიოს უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2019 წლის ივნისში“.
„ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და დანარჩენი დამოკიდებულია ნიკანორ მელიაზე. მას შეუძლია, მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დოკუმენტის ტექსტით და შინაარსით, რომელზეც განმარტებები ელჩებმა და კრისტიან დანიელსონმა გააკეთეს. ეს განმარტებები იყო ამნისტიის კანონზე მსჯელობის დროს.
ამ შინაარსის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია ამ მოვლენებთან და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
20 ივნისის ღამეს ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინა ნიკანორ მელიამ. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, მაშინ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება, ამ მოვლენების დროს დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. უნდა შეეხოს აბსოლუტურად ყველას და ეს ასე იყო განმარტებული ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები). „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ამნისტია ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის პასუხისგებაში მიცემულ სამართალდამცველებზე.
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ამნისტიის გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.