„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების 50%-ით გაზრდას და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მართავენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს.
„დღეს დილიდან ჭიათურაში ყველა კომპანიაში შეწყდა მუშაობა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა და ჯანდაცვა. ეს გაფიცვა კანონიერია, რადგან წერილობით 21 დღის წინ მივმართეთ, ყველა რეგულაციის დაცვით. ვიმედოვნებდით, რომ იქნებოდა გამოხმაურება, მაგრამ შედეგი არ მოჰყვა. მიგვიყვანეს უკიდურეს მდგომარეობამდე“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი +“-ის ხელმძღვანელმა, ნოდარ მიქაბერიძემ „რეგინფოს“ განუცხადა, რომ ამ დროისთვის კომპანიაში შეხვედრა იწყება, რის შემდეგაც ვრცელ კომენტარს გააკეთებენ.
მაღაროელების აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან შეკრებილები არიან სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები. ისინი ამბობენ, რომ მადნის მოპოვების გამო საცხოვრებელი სახლები ენგრევათ და ამიტომ კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ. შუქრუთელების თქმით, მიწის ქვეშ სამუშაოები მათი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.
ამ თემაზე: