weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მინისტრებმა ნამახვანჰესზე დისკუსიაში ჩართვისთვის EU-ის ენერგეტიკულ გაერთიანებას მიმართეს

18:48 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021

საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, ნათელა თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე დიალოგის პროცესში ჩართვის მიზნით ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას მიმართეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროების მიმართვაში ნათქვამია, რომ ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის, ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვის, ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის.

„მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის“, – ციტირებს სამინისტრო წერილს.

უწყების ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილული იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა. 

„საქართველოს მთავრობა მტკიცედ ემხრობა ენერგეტიკის სექტორში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და დეკარბონიზაციის პოლიტიკას განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის შემდგომი განვითარების გზით. ჩვენ, როგორც ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა, ამას გავაკეთებთ, როგორც ევროსაბჭოს კანონმდებლობის, ასევე გარემოს დაცვის, უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, განახლებადი ენერგიის პროექტები მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ, მთავრობა მიზნად ისახავს, გამონახოს ბალანსი განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და შესაძლო დამატებით ღონისძიებებს შორის“, – აღნიშნულია წერილში.

რიონის ხეობაში „ნამახვაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მთავრობას 3 პირობა წაუყენეს, რომელთა სრულად შესრულების შემთხვევაში მზად იყვნენ დიალოგის პროცესში ჩართულიყვნენ. პირობების შესრულებაზე მათ უარი მიიღეს - მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხეობაში არ შეჩერდება ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები; გარდა ამისა, ხეობაში რჩებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც საპროტესტო აქციის მოანწილეებს საშუალებას არ აძლევენ სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილდნენ და მშენებლობა გააპროტესტონ.

ჰესის მოწინააღმდეგეების პასუხად, 24 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინვესტორ კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]