weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი იყო – ზურაბიშვილი

18:45 შაბათი, 08 მაისი 2021

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ქართული ოცნების მიერ მომზადებულ და პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის სანქციები გამკაცრდა. კანონი საკანონმდებლო მაცნეში გუშინ, 7 მაისს გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევიდა.

საკუთარი გადაწყვეტილების განმარტებისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას არ გამორიცხავდა.

„თუმცა, მეორე მხრივ, ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც.

ამ კუთხით, ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფად.

ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, კანონპროეტზე მუშაობის პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები ბოლომდე გაგებული და გაზიარებული ყოფილიყო მოქალაქეების მიერ.

„კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებს და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს სწორედ ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას.

ამდენად, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისათვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას.

ვიზიარებ იმასაც, რომ როდესაც საზოგადოება, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას: ამნისტიის, საარჩევნო კოდექსის და სასამართლო რეფორმის. ამ ფონზე, არსებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია, თუმცა ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითაც.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს დაემატა მეორე ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. მეორე ნაწილი დაემატა 173-ე მუხლსაც, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

დემონსტრაციებისა და აქციების დროს სამართალდამცველები მოქალაქეებს ხშირად სწორედ ამ ორი მუხლის საფუძველზე აკავებენ.

 

ამ თემაზე:

იმედგაცრუებული ვართ, კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღებით – აშშ-ის საელჩო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]