weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

„პარტიის დავალებით გაგვათავისუფლეს“ – მერების მოადგილეები

19:37 სამშაბათი, 11 მაისი 2021 hits 355
ფოტოზე -  აკაკი ხუნწელია და პაარა ლაგვილავა ფოტოზე - აკაკი ხუნწელია და პაარა ლაგვილავა

გორისა და ხაშურის შემდეგ, დღეს თანამდებობა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ დატოვეს. გადადგნენ სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიაც.

როგორც პაატა ლაგვილავამ განაცხადა, დილით ფოთის მერს, გოჩა კურდღელიას შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ „მთავრობისა და პარტიის დავალებით, იყო მოთხოვნა, თანამდებობიდან გადამდგარიყო“.

„მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები. ალბათ, ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი. ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში, ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას ბატონი გიორგის გუნდში“, – განაცხადა პაატა ლაგვილავამ.

კონსტანტინე თოფურიას თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო ფოთის მერის თხოვნა, რომ განცხადება დაეწერა.

„დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არ არის მისი სურვილი და ინიციატივა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ეს არის პარტიის და მთავრობის დავალება, რომ გახარიას გუნდთან თანამოაზრეობის გამო ჩვენ გვატოვებენ ჩვენს თანამდებობას“, – განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.

„რეგინფო“ ფოთის მერს, გოჩა კურდღელიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას არც პაატა ლაგვილავასთვის უთხოვია გადადგომა და არც კონსტანტინე თოფურიასთვის. როგორც მერი ამბობს, ორივე მათგანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა, რაც მან დააკმაყოფილა.

„არა, ეს ჩემი თხოვნა არ იყო. თვითონ გააკეთეს განცხადებები. მე და პაატას დღეს ერთმანეთი არ გვინახავს. კონსტანტინეც თბილისში იყო წასული. ეს პოლიტიკური თანამდებობებია და ჩვენ საქმეს ერთიანი პოლიტიკური გუნდით ვაკეთებთ. არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ორივემ თვითონ დაწერა განცხადება“, – უთხრა „რეგინფოს“ გოჩა კურდღელიამ.

სენაკის მერის ყოფილი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ამბობს, რომ თანამდებობა იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაატოვებინეს.

„ქართული ოცნების“ გუნდი მაიძულებს, დავტოვო სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამოაზრეობის გამო. „ოცნების“ წარმომადგენლები რეკავენ მერებთან და ეუბნებიან, რომ მოადგილეებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები“, – ამბობს კუპრეიშვილი.

„მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით, ის იყო დავალებული პარტიისა და მთავრობის მიერ, რომ თანამდებობა დამეტოვებინა, რადგან მე მოვიაზრებოდი გიორგი გახარიას გუნდის წევრად“, – აღნიშნა მარტვილის მერის ყოფილმა მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ.

„ქართული ოცნების“ წასული და გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში გაერთიანებული გიორგი ხოჯევანიშვილი მერების მოადგილეების გადადგომას „პოლიტიკურ რეპრესიად“ აფასებს. ხოჯევანიშვილის თქმით, მოადგილეებზე ზეწოლა უშუალოდ მერების მხრიდან იყო, რის შედეგადაც ზოგს განცხადება დააწერინეს, ზოგს კი თანამდებობა მერის ბრძანების საფუძველზე დაატოვებინეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]