weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სადაც რუსეთია, იქ არის განვითარება – ბიბილოვი

15:36 ხუთშაბათი, 13 მაისი 2021

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, საიდანაც უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება.

„მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია, იქ არის განვითარება. სადაც ამერიკაა, იქ არის ომი, არის სიკვდილი...

დიდწილად, რუსეთი არის ძალა, რომელსაც სურს დაეხმაროს და არ წაართვას, სიცოცხლის გაგრძელება სურს.

ეჭვგარეშეა, უკრაინა რომ ასრულებდეს მინსკის შეთანხმებას, არ იქნებოდა სიკვდილი. მინსკის შეთანხმებების მთავარი პუნქტი ხომ მსხვერპლის შეჩერებაა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ე.წ. პრეზიდენტი ბიბილოვი დონბასში, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ჩამოყალიბების მე-7 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

„ზოგჯერ მეკითხებიან, რა აკავშირებს სამხრეთ ოსეთს, დონეცკს, ლუგანსკს, რუსეთს. დიდი სამამულო ომის დროს, ოსები დაიღუპნენ დიდი სამამულო ომის ფრონტებზე, დაიღუპნენ ლუგანსკში, დონეცკში, ყირიმში, ხოლო რუსი ჯარისკაცები, რომლებიც გვიცავდნენ, დაიღუპნენ 2008 წელს სამხრეთ ოსეთში. გთხოვთ მითხრათ, შეიძლება იყოს რაიმე უფრო ძლიერი, ვიდრე სისხლით კავშირი? ჩვენ იგივე იდეალები, იგივე პრინციპები გვაქვს და ვერავინ შეძლებს ამ კავშირის გაწყვეტას“, – თქვა ანატოლი ბიბილოვმა საზეიმო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

რუსეთს 2014 წლის თებერვალ-მარტიდან ანექსირებული აქვს ყირიმი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკა იყო. სწორედ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო მასშტაბური საომარი მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში (დონბასში), სადაც რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერის მქონე სეპარატისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შექმნის შესახებ განაცხადეს. უკრაინის მტკიცებით, სეპარატისტებს იარაღით რუსეთი ამარაგებდა, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს. აქტიური საომარი მოქმედებები 2015 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, ვიდრე მხარეები მინსკის შეთანხმებას მოაწერდნენ ხელს. ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არაერთხელ დაირღვა. გაეროს მონაცემებით, 2014-2018 წლებში, აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 13 000-მდე ადამიანი, 30 000-მდე კი დაიჭრა.

რუსეთი 1990-იანი წლების დასაწყისიდან ახალისებდა და აღვივებდა სეპარატისტულ განწყობილებებს საქართველოს ტერიტორიაზე, 2008 წლის აგვისტოში კი საქართველოს წინააღმდეგ ღია, სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელდა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. 2008 წლის 25 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა) დამოუკიდებლობა აღიარა.

მიმდინარე წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება. სასამართლომ დაადასტურდა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]