გოგი მეშველიანმა დმანისში გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებზე „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის ვითარება შედარებით მშვიდია და კონტროლდება საპოლიციო ძალების მიერ.
„გუშინ სამწუხარო ინციდენტი მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, რომელსაც დღეს მოჰყვა გარკვეული გაგრძელება და დაახლოებით 150-დან 200-მდე ადამიანი, რომელიც გარკვეული აქციის ჩასატარებლად სხვადასხვა სოლიდან შემოვიდა დმანისში, მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა დაპირისპირება. ეს ადამიანები შეიჭრნენ დმანისის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება და საპოლიციო ძალების აქტიური ჩართულობით მოხდა ამ სიტუაციის ნეიტრალიზება და მხარეთა დაშორიშორება, მათი გაყვანა ქალაქ დმანისიდან“, – განაცხადა მეშველიანმა.
დეპუტატის თქმით, დმანისში ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაძაბულობის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„დმანისი მრავალეთნიკური რაიონია. ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 65% ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელია. კონკრეტული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ არსებობს რაიმე დაძაბულობა, მოსალოდნელია რაიმე მსგავსი სახის დაპირისპირება, ჩვენ არ გვქონია. შესაბამისად, ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა გუშინ და დღეს, პირადად ჩემთვის მოულოდნელი გახლდათ.
რა თქმა უნდა, უკმაყოფილება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ყოველთვის ხდება და აუცილებელი არ არის ამ დაპირისპირების რაღაც ეთნიკური ნიშნით განსხვავებულობა. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ალბათ, საქართველოს ნებისმიერ დასახლებელ პუნქტში ხდება მსგავსი შელაპარაკება თუ ფიზიკური დაპირისპირება.
პოლიციამ მიიღო ყველა ზომა იმისთვის, რომ დაპირისპირება, რომელიც დაიწყო დროულად ყოფილიყო აღკვეთილი. ბუნებრივია, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დასახლებული პუნქტის მიმართ ვინმე აპირებდა რაღაც აქციის მოწყობას, ან მსგავსი აგრესიული ქმედებების გამოხატვას, მე პირადად არ მქონდა.
მიმაჩნია, რომ პოლიციამ იმუშავა საკმაოდ კარგად იმისთვის, რათა ეს დაპირისპირება გაცილებით მძიმე შედეგებით არ დასრულებულიყო. სამი პოლიციელია ფიზიკურად დაშავებული. დაშავებულები არიან ორივე მხარეს, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ არ გვაქვს უფრო მძიმე ლეტალური შედეგი“, – ამბობს მეშველიანი.
მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ეცდება ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის სამუშაოები დაჩქარდეს, რათა „ამ ადამიანებს ჰქონდესთ სრული განცდა ამ ქვეყანაში სრულფასოვანი თანაცხოვრების, რომ ისინი ისევე სარგებლობდნენ უფლებებით და პრივილეგიებით, როგორც სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები“.
დმანისში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ორი ჯგუფის ჩხუბი ჩანს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად მიცემაზე. გუშინდელი დაპირისპირება დღეს დმანისის ქუჩებში გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია გუშინდელ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყებას დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. შსს მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა „ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“.