weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საღამოსთვის ყველაფერი დალაგებული იქნება – სუბარი დმანისის კონფლიქტზე

18:31 ორშაბათი, 17 მაისი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დმანისში, სადაც ერთმანეთს ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, სიტუაცია დამშვიდდება.

სუბარი დმანისში იმყოფება და მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

„გუშინ იყო კონფლიქტი მართლა ყოფით ნიადაგე, რომელსაც მოჰყვა ცუდი ესკალაცია. ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ვხვდებით ყველა მხარეს. ამ წუთისთვის სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება.

დაპირისპირებული მხარე არ არსებობს, მაგრამ ადამიანებთან მიდის მუშაობა. მე, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი მივდივართ ერთ ნაწილთან, მეორე ნაწილთან სხვები მუშაობენ და არაფერი, საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, იყო არასწორი, იყო გაუგებრობა, მოჰყვა მართლა წუთიერ აღელვებას და დაწყნარდება ყველაფერი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა ადამიანი იდენტიფიცირებულია, პოლიციის განყოფილებაში კი რამდენიმე ადამიანია გადაყვანილი და მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

დმანისში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ორი ჯგუფის ჩხუბი ჩანს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად მიცემაზე.

გუშინდელი დაპირისპირება დღეს დმანისის ქუჩებში გაგრძელდა. ჯოხებით, ხელკეტებით, თოხებითა და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულ მოქალაქეებს შორის სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას. გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დასდევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია გუშინდელ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყებას დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. შსს მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა „ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]