weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შევიდა

17:15 სამშაბათი, 18 მაისი 2021

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში, პარტია დატოვა. მან პარლამენტში შესვლის და დეპუტატის მანდატის გამოყენება გადაწყვიტა.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ტარიელ ნაკაიძე მეათე მოწვევის პარლამენტში პარტიას არ წარმოადგენს.

„ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შევდივართ ამ პარლამენტში და იმ ერთ მანდატს, რომელიც ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო ჯერ კიდევ გვაქვს, არ გამოვიყენებთ.

გვქონდა შესაძლებლობა ეს მანდატიც გამოგვეყენებინა – ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში, თუ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, თუ იქნებოდა სრულფასოვნად ამოქმედებული ყველა რეგულაცია, სხვა ადამიანი დაიკავებდა მის ადგილს სიაში. ამის მიუხედავად „ევროპული საქართველოს“ პოზიცია რჩება მყარი – ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და ვცვლით პოზიციას ამ პოლიტიკურად არალეგიტიმური პალამენტის მიმართ“, – განაცხადა ბოკერიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ტარიელ ნაკაიძემ, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიც იყო, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად საკანონმდებლო ორგანოში უმციროსობების წარმომადგენლის ყოფნის საჭიროება დაასახელა.

„მადლობა მინდა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“, რადგან მომეცა საშუალება, რომ პარლამენტში მოვხვედრილიყავი. ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, ვემხრობი და ვუჭერ მხარს, თუმცა ჩემი სპეციფიური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ყველა ის გამოკითხვა, რომელიც ვაწარმოე ამ ბოლო დროის განმავლობაში, მაძლევს იმის საფუძველს, რომ დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი.

ეს არის ისტორიული ნაბიჯი, ისტორიული სვლა საქართველოს პარლამენტის რეალობაში და „ევროპულ საქართველოს“ ექნება საკუთარი ადგილი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნაკაიძემ.

ტარილე ნაკაიძე საპარლამენტო საქმიანობას ხვალიდან შეუდგება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ 5 მანდატი მოიპოვა. ტარიელ ნაკაიძის გარდა, პარტიის საარჩევნო სიაში იყვნენ არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და დავით ბაქრაძე, რომლებმაც დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვეს და პარლამენტში შევიდნენ. მანამდე, დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]