„ეს ვიზიტი ხსნის ახალ შესაძლებლობებს ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობისთვის. სირიაში ცხოვრობს დიდი აფხაზური და ჩერქეზული დიასპორა. ისინი ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან, იცავდნენ მის თავისუფლებას. დიასპორის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურათშორისი კავშირების განმტკიცებას. სირიამ მხარი დაუჭირა და მხარს უჭერს აფხაზეთის ხალხს, მათ სუვერენიტეტს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, – ციტირებს ბაშარ ასადის განცხადებას დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ასადს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის.
„კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ეს ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავს ამ შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენებას. თქვენთან შეხვედრა ახალ სტიმულს მისცემს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა ბჟანიამ.
სირიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების შესახებ განაცხადა. ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა „საქართველოს რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე“ 1993 წლის 18 მაისის დადებული შეთანხმების მოქმედება.