weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ინჯიას გამოყენებით საარჩევნო კომისიებში ჩვენთვის წევრის წართმევა უნდათ – ინაშვილი

18:28 ოთხშაბათი, 19 მაისი 2021

„პატიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტიისთვის საარჩევნო კომისიებში წევრის ყოლის უფლების წართმევას ცდილობენ. როგორც ინაშვილი ამბობს, ეს საკითხი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილება.

„როდესაც ეს ჯგუფი შეიქმნა და დაიწყო მუშაობა, ერთ-ერთი საკითხი რაც იხილებოდა, იყო და არის - „პატრიოტთა ალიანსს“ წევრი წაართვან თუ არ წაართვან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, წევრი საარჩევნო კომისიებში, რაც ჩვენ გვეკუთვნის იმის გამო, რომ მონაწილეობა მივიღეთ არჩევნებში, ამ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი გადავლახეთ ბარიერი. „ქართულმა ოცნებამ“ გაყალბების მიუხედავად ვერ შეძლო ჩვენთვის დაეწერა 3%-ზე ნაკლები და შესაბამისად, ჩვენ გვეკუთნის გვყავდეს წევრი საარჩევნო კომისიებში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისვე თქმით, ამ პროცესში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდონ ინჯიას იყენებს, რომელიც პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდა, მოგვიანებით კი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.

„აქ მთავარი ბოროტი ტვინი კობახიძეა, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ გააყალბა არჩევნები, მთავარი გამყალბებელი ის არის და ახლა, კომისიის წევრის წართმევაც უნდა ჩვენთვის, უკანონოდ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ბოროტ საქმეში, ამ უკანონობაში ბატონი კობახიძე იყენებს ფრიდონ ინჯიას.

მართალია, არჩევნების გამყალბებელი კობახიძე სხვადასხვა ჭორს ავრცელებს, ვითომ ჩვენ გავჩერდით, დავიშალეთ და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი არის ტყუილი. ჩვენ ვიწყებთ მობილიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვაქვს შეხვედრები ჩვენს აქტივთან და, რა თქმა უნდა, ვრჩებით აქტიურ პოლიტიკაში“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები არიან, მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაასრულა. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. საარჩევნო რეფორმის განხორციელება პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით.

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ირმა ინაშვილის განცხადებას კატეგორიულად არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ყველა ბრალდება, რომელიც ისმის „ევროპელი სოციალისტების“ მიმართ, უსაფუძვლო და უსამართლოა.

„წინა, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის წესს, „ევროპელი სოციალისტები“ ვერც ვერავის წაართმევს და ვერც ვერავის დაუნიშნავს წევრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამავე კანონიდან გამომდინარე. „პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკოში, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან და მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ცესკოს წევრობის უფლებამოსილება გასული წლის დეკემბრის თვეში შეუწყდა, რა გადაწყვეტილებაც არანაირად არ იყო და ვერ იქნებოდა დაკავშირებული „ევროპელ სოციალისტებთან“, – განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდა. მოგვიანებით, ამავე სიით გასულ გელა მიქაძესთან, დავით ზილფიმიანთან და ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]