weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა

17:41 პარასკევი, 21 მაისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადების კანონიერების შესწავლა დაასრულა. წულუკიანმა გვარამიას ნომერი 2 თებერვალს, პარლამენტში დებატების დროს გაასაჯაროვა. მაშინ ის „ქართული ოცნების“ დეპუტატი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

შემოწმების ფარგლებში, თეა წულუკიანს ეთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინფორმაციის წარდგენა როდის, რა გზით და რა მიზნით მოიპოვა მის მიერ გასაჯაროებული ტელეფონის ნომერი. როგორც ინსპექტორის სამსახური აცხადებს, წულუკიანმა მათ ეს ინფორმაცია არ მიაწოდა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების კანონიერების შეფასების მიზნით, მოიძია სხვადასხვა წყაროების საშუალებით ნიკა გვარამიას შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია. დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.

სამსახურმა ასევე გაანალიზა ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები, სასამართლო პრაქტიკა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან და საჯარო პირის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული ტელეფონის გამსაჯაროებელი პირისა და ტელეფონის ნომრის მფლობელის სტატუსი, გასაჯაროებული მონაცემების ხასიათი, პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელი და პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.

იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი.

პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე.

იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის „გარე პირის“ (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო, პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“, – განმარტავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე (ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება), საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და „ამგვარ ვითარებაში, ფიზიკური (თუნდაც საჯარო) პირის ტელეფონის ნომრის გამჟღავნება მონაცემთა დამუშავების სახიფათო პრეცედენტია“.

„საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში“, – აცხადებს ინსპექტორის სამსახური.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებზე (მათ შორის, პარლამენტის წევრის მიერ პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროებისას) შიდა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენება საკითხის გადაწყვეტის ეფექტიანი საშუალება იქნებოდა, რაც სრულად ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

„საქართველოს პარლამენტში შექმნილი ე.წ. თვითრეგულირების მექანიზმის - ეთიკის საბჭოს კომპეტენცია სწორედ პარლამენტის წევრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებაა“, – აცხადებს ინსპექტორის სამსახური და განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და ვენეციის კომისიის მოსაზრებებზე.

თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერის გამოცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შეაფასა და თქვა, რომ ეს უსიამოვნო სიურპრიზი იყო. კარლ ჰარცელის განცხადებით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა და ტელეფონის ნომრის გასაჯაროება არაეთიკურია. ამის შემდეგ წულუკიანმა ჰარცელი პარლამენტში მიიწვია, რათა ელჩის შეფასება განეხილათ. ელჩთან შეხვედრის შემდეგ წულუკიანმა თქვა, რომ ელჩმა პირადი აზრი გამოთქვა და არა ევროკავშირის პოზიცია.

ამ საკითხე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა ევროპარლამენტის ექვსმა წევრმა. მათი განცხადებით, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა პარლამენტის კედლებში.

„თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა“, – წერდნენ ევროპარლამენტარები.

დღეს თეა წულუკიანი  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინიტრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]