მასთან, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ თელავიდან „შეუჩერებელ კამპანიას“ იწყებს და გეგმავს, რომ ყველა სოფელში ჩავიდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს მხარდამჭერებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს. მთელს საქართველოში კამპანიის ჩატარებას ვაპირებ. პირდაპირი გაგებით, შესვლა მართლა ყველა სოფელში მინდა.
შეიძლება ითქვას, რომ თელავიდან, უკვე დღეიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. ამის პირობას ვდებ. ეს არის ჩემი მოწოდება, ეს არის ის, რასაც ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მე და ვერც საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს ვერ გააჩერებს ვერაფერი“, – განაცხადა მელიამ.
შეკითხვაზე, რამდენად მოახერხებს, რომ ეს გამარჯვების კამპანია იყოს, ნიკა მელიამ თქვა, რომ საკუთარი თავის სჯერა.
„მოვახერხებთ იმიტომ, რომ გვჯერა საკუთარი თავის, გვჯერა საკუთარი სიმართლის. მჯერა, მე განსაკუთრებით და უამრავ ადამიანს ჩემს გარშემო, საკუთარი უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, რეპუტაციის. რამ უნდა შეგვიშალოს ხელი ციხემ?! ციხემ შემიშალა ხელი?! არა მგონია. გაცილებით უფრო ძლიერად ვგრძნობ ახლა თავს, ვიდრე მანამდე. განცდა მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგია მომეცა. ეს ყველაფერი მთელს საქართველოს უნდა გადაედოს და გადაედება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიასთან ერთად თელავში ხატია დეკანოიძეც იმყოფება. მისი თქმით, მსგავსი გასვლითი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება, საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილება კი თვის ბოლოს გახდება ცნობილი.