weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაზეც აუცილებელია დეტალური მსჯელობა – კუჭავა ნამახვანჰესზე

15:38 კვირა, 23 მაისი 2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რომელიც 2016-2020 წლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ნამახვანჰესის პროექტთან და მის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

გუშინ, ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში კუჭავამ თქვა, რომ ამ საკითხის დეტალურად შესწავლაში არ არის ჩართული. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნამახვანჰესის პროექტი აუცილებელია განხორციელდეს, რადგან ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ზოგადად შევაფასებ მთელ მიმდინარე პროცესს. მე ვფიქრობ, რომ რეაგირება იყო დაგვიანებული რამაც გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა საბოლოო ჯამში. ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ, მან ერთ-ერთი პირველი რაც თქვა და დაავალა, იყო ზუსტად ის, რომ კომუნიკაცია შემდგარიყო და შედგა კიდეც არა მხოლოდ სამთავრობო – დეპუტატები, პარლამენტარებიც ჩაერთნენ და მოიტანა ის შედეგი, რომ, როგორც მახსოვს, წითელ ხაზებზე და ულტიმატუმების ენით აღარავინ საუბრობდა.

საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არის, რომელზეც აუცილებელია დეტალური მსჯელობა. თუ ნდობაზე არის საუბარი, დამატებით იქნება სხვა ექსპერტების ჩართვა ან იმ საკითხების მთლიანად ამოწურვა, რომელიც აწუხებს ერთ და მეორე მხარეს.

მემგონი, აქციის მონაწილეებისგანაც მოვისმინეთ, რომ არავინ სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის ეს პროექტი ნამდვილად წინ გადადგმული და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ეს აუცილებელია განხორციელდეს.

ის შიშები, რომლებიც არსებობს – არ ვიცი, 30-მეტრიან ტალღაზე იყო საუბარი, გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე... ყველა ჰესს აქვს მეტ-ნაკლებად გარემოზე ზიანი. რამდენად არის ეს ის ღირებული ზიანი, რომელიც ჩვენ შეიძლება ამ ჰესის აშენების და მიღებული სარგებელის შემდეგ მივიღოთ, ეს უკვე სხვა საკითხია. მე ვიცი, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება საკმაოდ კომპეტენტურ საერთაშორისო კომპანიას აქვს ჩატარებული, რომელსაც საფრანგეთში უმუშავია ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ძალიან ძვირფასი ღვინის ჯიშები მოჰყავთ. რამდენად არის საფრთხე, რომ რამე განადგურდეს საქართველოში – ეს ის კითხვებია, რომელზეც აუცილებელია უფრო დეტალური მსჯელობა და ამის შემდეგ უკვე შეჯერებული პოზიციებით – რომ რისკები აღარ არსებობს – გაგრძელება სამუშაოების ან გამოსწორება იმ ხარვეზების, რომლებიც შესაძლოა თან სდევდეს ამ პროცეს ან შეიძლება გაიპარა.

მე დღეს გამიჭირდება ვთქვა, რეალურად რა სურათია, რადგან არ ვარ ჩართული დეტალურად ამ საკითხის შესწავლაში, უბრალოდ არ მქონდა ამის საშუალებაც, თუმცა, ვთვლი, რომ მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ეს ვერ მოხდება თუ არ იქნება კომუნიკაცია, ამ საკითხზე მსჯელობა ყველა მხარის მხრიდან და თუ საჭიროა დამატებით ექსპერტის ჩართულობაც, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ქართველი, თუ ნდობა გინდა ავამაღლოთ და ვინმეს ექნება სურვილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს თბილისში, ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროტესტის მონაწილეებსა და მთავრობას შორის დიალოგის დაწყებაზე შეთანხმება არ შედგა.

რიონის ხეობაში შვიდი თვეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული პროტესტის მასშტაბი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს.

ამასთან, თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რის გამოც მათ თბილისის საპროტესტო აქცია დააანოსნეს.

მთავრობა აცხადებს, რომ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულია მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პარალელურად, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩართვის მიზნით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე მოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა.

რიონის ხეობაში ინვესტორი კომპანია მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს, რასაც ის და მთავრობა „მოსამზადებელ სამუშაოებს“ უწოდებენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]