weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საიდან მოვიდა ეს ფული? ავტობუსები საიდან დაიქირავეს? – ვაშაძე ნამახვანჰესის აქციაზე

20:55 კვირა, 23 მაისი 2021

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში გამართულ მასშტაბურ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, კითხვები აქვს აქციის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით და ამით სპეცსამსახურებიც უნდა ინტერესდებოდნენ.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ვაშაძემ თქვა, რომ „როცა ვასაძეა სადღაც, სპეკულაცია კი არა, ყველანაირ კვალს ხედავს“.

„რატომ დაემთხვა მის პოლიტიკაში შემოსვლას თბილისში აქციის გამართვა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მე ამ ქვაბში არ მოვხარშავ ყველა ადამიანს, ვინც აქციაზეა მისული, იმიტომ, რომ ზოგი გულწრფელად არის მისული.

ხომ ვიცით, ეს რა ჯდება?! საიდან მოვიდა ეს ფული? ავტობუსები საიდან დაიქირავეს? სამარშრუტო ტაქსები? ვინ გადაიხადა ეს ფული?

ეს ფული არის შავი ფული, რომელიც იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ეს ყველაფერი, ხომ სწორია? ახლა სპეცსამსახურები პირველი, რითიც უნდა იყვნენ დაკავებული, არის ის, რომ უნდა არკვევდნენ საიდან მოვიდა ეს ფული.

მე ბევრი ღონისძიება გამიკეთებია. ასეთი სცენის სერვისის მიმწოდებელი კომპანიები - სცენა რომ მიიტანოს და გახმოვანება - თითზე ჩამოსათვლელია. ხომ შეიძლება გავარკვიოთ, საიდან მოვიდა ეს ფული? ვინ გადაიხადა ეს ფული? არ მითხრან, რომ ამ ხალხმაც თითო ლარი შეკრიბა და ისე გაკეთდა ეს ყველაფერი. ეს არის კარგად ორგანიზებული, თავიდან ბლომდე კარგად დაფინანსებული პროცესი, რომელიც მიდის.

ძალიან ვწუხვარ და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არცერთ მოქალაქეს, ვინც აქციაზეა მისული, არცერთ შემთხვევაში არ ვაყენებ ამ საერთო ჯაჭვში, მაგრამ მინდა მათ იცოდნენ: მეგობრებო, არ გამოიყენოს ვიღაცამ თქვენი გულწრფელი პატრიოტული აღტკინება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამის საფრთხეს ვხედავ.

რაც შეეხება ჰესის სტანდარტებს, წესებს და ა.შ. აქ მეც ბევრი შეკითხვა მაქვს. ვფიქრობ, რომ აქ შეცდომები თავის დროზე არის დაშვებული.

რაც შეეხება, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი არის თუ არა ეს ყველაფერი, რაც ხდება, რა განცხადებებსაც მე ვუყურებ
(ანტითურქული განცხადებები იყო, ანტიდასავლური განცხადებები იყო და ა.შ.), აქ მე უზარმაზარ პრობლემას ვხედავ. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, კარგად უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი“,
– განაცხადა ვაშაძემ.

დღეს, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მთავარ მოთხოვნებს შორისაა ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობის დატოვება, ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადება და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში იყვნენ ჩართული.

აქციის ორგანიზატორმა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე აძლევენ ვადას იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და იქ აპირებენ ღამის გათევას.

რაც შეეხება დაფინანსების წყროებს, დღეს ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციები ძირითადად ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით იმართება. 

დედაქალაქში აქცია რიონის ხეობის მცხოვრებლების 209-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ გაიმართა. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული პროტესტის მასშტაბი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს.

ამასთან, თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რის გამოც მათ თბილისის საპროტესტო აქცია დააანოსნეს.

მთავრობა აცხადებს, რომ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულია მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პარალელურად, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩართვის მიზნით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე მოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა.

რიონის ხეობაში ინვესტორი კომპანია მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს, რასაც ის და მთავრობა „მოსამზადებელ სამუშაოებს“ უწოდებენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]