weather cur horoscope tv
ივლისი 26, 2021

მოვუწოდებ ყველა გულწრფელ მოქალაქეს არ შეუერთდეს ნამახვანჰესზე პროტესტს – ბოკერია

14:15 სამშაბათი, 25 მაისი 2021 hits 2023

„დიახ, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აჰყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.

ბოკერიამ მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პროტესტს არ შეუერთდნენ, რადგან ეს არის უმრავლესობისაგან განსხვავებული ადამიანების მიუღებლობის და მათ მიმართ სიძულვილის კამპანია, ასევე, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ – „ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს“.

„ჩვენ, ყველას, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ ყველაფერში. ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარკეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და გარემოცვის. ჩვენ გვაქვს საფუძველი ბრაზის ამ მთავრობის მიმართ, იმის გამო, რომ ისინი საერთოდ არ გრძნობენ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების წინაშე. ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო, ბევრი გულწრფელი ადამიანი იყო ამ პროტესტის ნაწილი ამ კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ეს არის ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრავლესობისგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, არა კამპანია მთავრობის კორუფციისა ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ.

მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აჰყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების.

ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისთვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქციამ 23 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. ამ დრომდე აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანზე კარვები აქვთ გაშლილი.

აქციაზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გუშინ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად მისულ აქტივისტებს – სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აქციის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სალომე ბარკერს ეკეთა ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური, რაც ქვიარ ადამიანების სიმბოლოა. აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და მისი გაცხადებული პოზიციაა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ ან სხვა შეკრებებსა და სხვა მოედნებზე. ამიტომ ვემიჯნებით იმ დაპირისპირებებს, რაც აქ ხდება ძალადობის ნაწილში.

ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რომელიც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციაზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფს გამოხატავს, რა პარტიას გამოხატავს და ა.შ. მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება ჩვენს აქციაზე და სწორედ ეს იქნება იმის პრევენცია, რომ არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის მოთხოვნებს, რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამოხვანის ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]