weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი ახალი მოსამართლე წევრი აირჩიეს

10:56 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი – უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, თემურ გოგოხია და ბადრი შონია აირჩია. ისინი საბჭოში მოსამართლე წევრის სტატუსით ოთხი წელი იმუშავებენ.

კონფერენციას, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, 291 მოსამართლე დაესწრო.

„მოსამართლეთა კონფერენციამ დღეს მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება თანმიმდევრულია და ზრუნავს სისტემის განვითარებაზე. წარმატებას ვუსურვებ ახალ წევრებს, დარწმუნებული ვარ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი საქმიანობა სასამართლოს კიდევ უფრო დიდ წინსვლას განაპირობებს“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ახალი წევრები უფლებამოსილების განხორციელებას 25 ივნისიდან შეუდგებიან. ისინი დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს და ვასილ მშვენიერაძეს შეცვლიან, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეები ისევ „კლანის გარემოცვიდან“ აირჩიეს.

„მოსამართლეებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ შანსი, რომ საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის დაემტკიცებინათ ქვეყნის სიყვარული. მოსამართლე იქნება თუ ნებისმიერ საჯარო მოხელე, რომელსაც ხალხი უხდის ხელფასს, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს.

როდესაც ეს კატეგორია, ყველაზე გავლენიანი თანამდებობის პირები, რადგან მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი რამ შეცვალონ, თუნდაც აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ისევ ჩინჩალაძის, მურუსიძის გარშემო ტრიალებენ და მათი გარემოცვიდან ირჩევენ მოსამართლეებს, არის ძალიან დამღუპველი, პირველ რიგში, მათთვის.

მე არ მგონია, რომ ამას მოჰყვეს მსუბუქი შეფასებები ან სამომავლოდ, ეს კონფერენცია არ გახდეს ერთგვარი საბაბი იმისა, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანი, რადიკალური რეფორმებიც კი გატარდეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

არსამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტთა ასოციაციამ“ არჩევნები „კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის როტაციად“ შეაფასა. საიას-ს განცხადებით, საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ.

იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების არჩევის გადადების მოწოდებით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. კელი დეგნანის გაცხადებით, საბჭოს წევრების დანიშვნების გაგრძელება არ ემთხვევა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, რომელშიც მხარეები შეთანხმდნენ, გაეტარებინათ რეალური და თვისობრივი რეფორმები უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნების პროცედურებსა და წესებზე. კელი დეგნანის განცხადებით, ეს დანიშვნები უნდა მომხდარიყო ახალი, გაძლიერებული სისტემის მიხედვით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]