weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მოშიმშილე შუქრუთელები თბილისში ჩავიდნენ და აშშ-ის საელჩოსგან ყურადღებას ითხოვენ

16:34 კვირა, 30 მაისი 2021
პროტესტის მონაწილეების ფოტო mtisambebi.ge-ის არქივიდან პროტესტის მონაწილეების ფოტო mtisambebi.ge-ის არქივიდან

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ თებერვლიდან აქციებს მართავენ, 11 მაისს კი პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერეს, დღეს თბილისში ჩავიდნენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მივიდნენ.

მათ თბილისში ჩასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ჭიათურაში პროტესტით ვერც ხელისუფლების ყურადღება მიიქციეს და ვერც „ჯორჯიან მანგანეზის“. რვა პირამოკერილი ადამიანიდან ერთ-ერთმა, თამარ კუპატაძემ განაცხადა, რომ საელჩოსთან მანამდე დარჩებიან, ვიდრე მათი პრობლემით არ დაინტერესდებიან, ან „სანამ იცოცხლებენ“.

„ამდენი ხნის განმავლობაში ვთხოვდით, გარკვეულიყვნენ და შეესრულებინათ მათი პირდაპირი მოვალეობა, დაინტერესებულიყვნენ თითოეული ჩვენგანის მდგომარეობით. არავინ ყური არ შეიბერტყა. ჩვენ საერთოდ ხალხად არ გვთვლიან. მინდა მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან ვისაც ეხება, შემიჩერონ ამ ქვეყნის მოქალაქეობა და გადამასახლონ.

აღარ შემიძლია ამ დაწყევლილ ქვეყანაში ცხოვრება. თავზე დაგვახიეს ყველა უფლება – სიცოცხლის უფლება, მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება, კერძო საკუთრების უფლება“, – განაცხადა მედიასთან აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, სერგო მოდებაძემ.

შუქრუთის მცხოვრებლები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“-სგან სამართლიანი კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რადგან სოფლის ქვეშ მაღაროს მუშაობის გამო, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ინგრევა. მათი მოთხოვნაა, რომ ზარალი კერძო ექსპერტიზის ნაცვლად, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ შეწყდეს პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა.

შუქრუთელებმა პირი 11 მაისს ამოიკერეს და შიმშილობა გამოაცხადეს, რასაც წინ 85-დღიანი უწყვეტი პროტესტი უძღოდა. რვა პირამოკერილს შორის სამი ქალია. მათ ფარდული აქვთ მიდგმული „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან და დღემდე ღამეებს იქ ათევდნენ. პროტესტის მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, რის გამოც პერიოდულად მათი საავადმყოფოში გადაყვანა ხდება საჭირო. 

„ჯორჯიან მანგანეზი“ უარყოფს, რომ „შუქრუთი +“ აზიანებს სოფლის მოსახლეობას და ზარალს არ ანაზღაურებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემენ, რაც დღეისთვის, ჯამურად, 2 მილიონ ლარამდეა. ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით კი, კომპენსაციის სახით მიღებული თანხა ჯამში 30-40 ათას ლარს არ აღემატება.

 

ნახეთ მთის ამბების რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს - შუქრუთის გოდება  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]