ღარიბაშილის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა და მიმოიხილეს პრაქტიკულად ყველა საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება. პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთის პრეზიდენტს საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნო და შეეხნენ ოკუპაციის საკითხსაც.
„თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ თურქეთი, მრავალი წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, თბილისი-ერზრუმი.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის ნათქვამს, რომელიც შეეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული საბჭოს მორიგ შეხვედრას, რომელსაც მოუთმენლად ველი. განგებამ ისე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ვართ ურთიერთდამოკიდებული, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენს შორის არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში.
ჩვენ, ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. მე ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ბუნებრივია, შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით.
ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით, მე მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი თბილისში მიიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის დედაქალაქში უკვე დასრულებულია. საქართველოს დელეგაციაში ასევე იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ამ თემაზე:
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში – ერდოღანი