პაპუაშვილის თქმით, გუშინ საუბარი ჰქონდათ როგორც პანსიონის აღმზრდელებთან, ისე ხელმძღვანელობასთან და ისინი მოწადინებული არიან, საკითხის გარშემო რაც შეიძლება მეტი სიცხადე იყოს.
„ჩვენი ამოცანა არ იყო ვინმესთვის ბრალდებების წაყენება და გამორკვევა ამ საკითხების. საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ ემოციური ფონი იყოს სათანადო იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკებმა იმუშაონ. თუკი არის რაიმე სავარაუდო დარღვევები, ეს სოციალური მუშაკების გამოსავლენი საკითხია. ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც იკვლევს ამ საკითხებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
„დღეს სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი შეხვდებიან ერთმანეთს. ბავშვებს მოეხსნებათ ის სტრესული გარემო, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ბევრი უცხო ადამიანია შიგნით და დაპირისპირების შეგრძნება აქვთ.
ამის შედეგად, ვფიქრობ, ბავშვებს მიცემათ სშუალება, მეტად გახსნილი იყვნენ საუბარში და უფრო თავისუფლად იყვნენ, როდესაც სოცმუშაკებთან ექნებათ ურთიერთობა“, – აღნიშნა დავითულიანმა.
რაც შეეხება ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესვლას, დავითულიანის თქმით, მონიტორინგი არის კანონის მოთხოვნა, რომელიც უნდა აღსრულდეს.
„იქ იყო რაღაც პიროვნული დაპირისპირების ფაქტორები. ჯერ, რაც მთავარია, სახელმწიფომ აიღო ხელში და ბავშვებზე ზრუნვას ამ წუთებსიც ახორციელებს სოციალური მუშაკების მეშვეობით, რომ ის კითხვები, რომ ბავშვებს რაიმე მყისიერი პრობლემა და საფრთხე ემუქრებათ, მოიხსნას.
უკვე შემდგომი ეტაპია, რომ უფლებამოსილება განახორციელოს ისეთმა კონსტიტუციურმა ორგანომ, როგორიც არის სახალხო დამცველის აპარატი“, – განაცხადა დავითულიანმა.
წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. იქ მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 15 აპრილს, პანსიონის ადმინისტრაციამ, მეუფე სპირიდონის მითითებით, დაწესებულებაში არ შეუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის ჩატარება სურდათ.
„იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის აბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია. ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
7 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფოს დაავალა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო, თუმცა ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.
2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებიც ვერ შედიოდნენ. სააგენტომ ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ შესვლის პრობლემა ნამდვილად ჰქონდათ, რასაც პანსიონის ადმინისტრაცია პანდემიით ხსნიდა. მერი მაღლაფერიძემ გუშინ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის საშუალება მიეცა, პანსიონის დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა და ისინი დაწესებულებიდან უკვე გამოიყვანეს, კიდევ ათ ბავშვთან კი მუშაობა მიმდინარეობს.
ამჯამად პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს განახორციელეს. ლომჯარია ინფორმაციით, მაშინ, ბავშვებთან გაუსაუბრების პროცესში მეუფე სპირიდონი და პანსიონში მყოფი სხვა პირები ჩაერთნენ, რომლებმაც საკმაოდ უხეში ფორმით აიძულეს მისი წარმომადგენლები ინტერვიუ შეეწყვიტათ და პანსიონი დაეტოვებინათ. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით განცხადებები მაშინაც გააკეთეს.