weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მნიშვნელოვანია, ომბუდსმენმა თავისი ვალდებულებები განახორციელოს – ჰარცელი

14:24 შაბათი, 05 ივნისი 2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა დაცული იყოს.

„ყველა ბავშვს აქვს უფლება არ იყოს ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლი. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ბავშვების უსფრთხოება და კეთილდღეობა დაცული იყოს. ევროკავშირი „იუნისეფთან“ და პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს ამ მიზნის განხორციელებას.

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ბავშვის უფლებათა კოდექსი. პარლამენტი უფლებამოსილია მოუწოდოს მთავრობას შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამ საკითხზე. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენმა თავისი ვალდებულებები განახორციელოს“, – განაცხადა ელჩმა.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. იქ მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 15 აპრილს, პანსიონის ადმინისტრაციამ, მეუფე სპირიდონის მითითებით, დაწესებულებაში არ შეუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის ჩატარება სურდათ.

„იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია. ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.

7 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფოს დაავალა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო, თუმცა ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებიც ვერ შედიოდნენ. სააგენტომ ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ შესვლის პრობლემა ნამდვილად ჰქონდათ, რასაც პანსიონის ადმინისტრაცია პანდემიით ხსნიდა. მერი მაღლაფერიძემ გუშინ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის საშუალება მიეცა, პანსიონის დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა და ისინი დაწესებულებიდან უკვე გამოიყვანეს, კიდევ ათ ბავშვთან კი მუშაობა მიმდინარეობს.

ამჯამად პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს განახორციელეს. ლომჯარია ინფორმაციით, მაშინ, ბავშვებთან გაუსაუბრების პროცესში მეუფე სპირიდონი და პანსიონში მყოფი სხვა პირები ჩაერთნენ, რომლებმაც საკმაოდ უხეში ფორმით აიძულეს მისი წარმომადგენლები ინტერვიუ შეეწყვიტათ და პანსიონი დაეტოვებინათ. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით განცხადებები მაშინაც გააკეთეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]