სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს.
„პედიატრიის საექიმო სპეციალობის ექსპერტის შეფასებით, ე.წ. მაუგლის ვარჯიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, თუ რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი.
ხოლო, ის კადრები, რაც ინტერნეტ-სივრცეში და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს, რომ ეს არის ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რომელიც ხორციელდება ახალშობილობის ასაკიდან და რომელიც ბავშვის თავის ტვინის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა.
„თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში). გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს“, – აცხადებს სახალხო დამცველი ექსპერტზე დაყრდნობით,
სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ჩარევებს და არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე.
„ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მუდმივი მონიტორინგი ანხორციელოს, მსგავსი პრაქტიკების გავრცელების პრევენციისა და შემთხვევებზე დროული რეაგირების მიზნით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.