weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით, არც არჩევნებამდე და არც შემდეგ – კობახიძე

15:04 სამშაბათი, 08 ივნისი 2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ საუბრისას ქართული ოცნებისთავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს არ დაუპირისპირდება.

„რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით, არც არჩევნებამდე და არც შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამარლის დანაშაულის გამოძიებას, თუკი ასეთი არსებობს, ბუნებრივია ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები დადგება გამოძიების შემდეგ.

არ ვიცი, რეაგირება დაგვიანებულია თუ არა. ყველაფერს ჩახედავს, მათ შორის, პარლამენტი. გამოძიება გაგრძელდება. თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, – განაცხადა კობახიძემ.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. იქ მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 15 აპრილს, პანსიონის მმართველის, მეუფე სპირიდონის მითითებით, დაწესებულებაში არ შეუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის ჩატარება სურდათ. პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პანსიონში გარყვნილება შეაქვს და მას ბავშვების დაზიანების უფლებას არ მისცემს.

მალევე, „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის“ ჯერ თბილისის სასამართლოს, შემდეგ კი გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, დაევალებინათ სახელმწიფო უწყებები, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგი განეხორციელებინა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გაეროს კომიტეტმა კი დროებითი ღონისძიება მიიღო და საქართველოს მთავრობას პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული. ამის შემდეგ, მედიამ გაავრცელა პანსიონის აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც ბავშვები არადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე საუბრობენ.

3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების განცხადებები მათზე შესაძლო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

5 ივნისს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დროებითი განჩინება მიიღო. განჩინებით ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა. რაც შეეხება სხვა ბავშვებს, მოსამართლემ მიუთითა, რომ მათთან მიმართებაში PHR-ს არ გააჩნია უფლებამოსილება, წარადგინოს შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე. მოსარჩელე მხარე, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, მიიჩნევს, რომ განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა.

საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]