weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ნამახვანჰესი საჭიროა, მაგრამ ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა – გახარია

09:50 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021

პარტია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ნამახვანჰესი ეკონომიკას სჭირდება, თუმცა რიონის ხეობის მცხოვრებლების მხარდაჭერის გარეშე ეს საქმე არ გამოვა.

ამ საკითხზე კომენტარი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ენერგოსისტემის საფუძველი არის ჰიდროენერგია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები უნდა ავაშენოთ, მაგრამ იმ გზით და იმ ფორმით როგორც ახლა ეს ხდება ნამახვანში, სამწუხაროდ, მე მგონია, რომ აქ მთავრობა და ხელისუფლება შეცდომას უშვებენ. არ გამოვა ეს, ვერ აშენდება ასე ეს ჰესი.

მე მაქვს გამოცდილება მსგავს წინააღმდეგობებთან მუშაობის და თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები (იმიტომ, რომ ეს სიტუაცია ასე გამწვავდა) პირადად არ ჩაერთვებიან ამაში და ამ ადამიანებს პირადად არ დაელაპარაკებიან, არ გამოვა ეს საქმე.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას და ენერგეტიკას ნამახვანი სჭირდება, ადგილობრივი ადამიანების, რიონის ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე ეს საქმე არ გამოვა. საბოლოო ჯამში, ეს ჰესი და ეს ელექტრონერგია ამ ხალხისთვის გვინდა“, – განაცხადა მან.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მისი მხარდამჭერები ნამახვანჰესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვენ, რადგან მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გადაეცა ინვესტრორ კომპანიას, შპს „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობაში სახელმწიფო ქონება. კერძოდ, მთავრობის N2405 განკარგულებით, რომელსაც ხელს გახარია აწერს, ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე.

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. სახელმწიფო ქონების გადაცემაზე განკარგულებას ხელი გიორგი გახარიამ იმავე წლის 21 ნოემბერს მოაწერა, მაშინ, როდესაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჰესების კასკადის მშენებლობაზე, დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს გასცა, ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა კი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

 

ამ თემაზე:

ნამახვანჰესის კონტრაქტი სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებზე უკეთესია – გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]